ბაღდათის N2 სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით ბაღდათის მუნიციპალიტეტი "დედამიწის საათს" პირველად შეუერთდა

ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "სუპერნოვას" ინიციატივით ბაღდათის მუნიციპალიტეტი "დედამიწის საათს" პირველად შეუერთდა.

მოსწავლეებმა 25 მარტს ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო პოსტერები დაარიგეს, მოსახლეობას აუხსნეს, რა დანიშნულება აქვს "დედამიწის საათს" და სთხოვეს ელექტროენერგიის გამორთვა. ეკოკლუბის წევრებმა თხოვნით მიმართეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას. 20:30-დან 21:30 საათამდე ბაღდათის ცენტრალურ ქუჩებში მერიის ნებართვით გამოირთო გარე განათება, ამგვარად დაიზოგა ელექტროენერგია და ბაღდათი შეუერთდა მსოფლიოს გარემოსდაცვით აქციას.

„დედამიწის საათი” - მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობა, პირველად 2007 წელს ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩაატარა. დედამიწის საათი ყოველ წელს, მარტის ბოლო შაბათ დღეს, აერთიანებს მთელ მსოფლიოს, 190-ზე მეტ ქვეყანასა და მილიონობით ადამიანს. ყველა მონაწილე ერთი საათით (ადგილობრივი დროით 20:30-დან) ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.