თბილისის 113 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბენეფიტების“ წევრებმა, (152-ე სკოლის მოსწავლეების დახმარებით) ჩაატარეს სოციალური კვლევა (გამვლელებთან ინტერვიუს სახით), რომლის მთავარი დანიშნულება იყო უკანონო ნაგავსაყრელების პრობლემის შესახებ საზოგადოების აზრის გაგება და რესპონდენტების მოსაზრებების მიხედვით დასკვნების გამოტანა იმის თაობაზე, თუ რამდენად ინტენსიური ზეგავლენა აქვს უკანონო დანაგვიანებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ამ კვლევის ინსპირაცია, სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებული დიღმის ჭალების დასუფთავების აქცია გახდა. ეკოკლუბელებმა აქციაზე უკეთესად გაიაზრეს უკანონო ნაგავსაყრელების მავნე ზეგავლენა ბუნებასა და მის ბინადრებზე. სამწუხაროდ, დიღმის ჭალების დანაგვიანება ბევრისთვის აქამდე უცნობი თემა იყო შესაბამისად, ზემოხსენებული კვლევის ჩატარება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ გამოერკვიათ, რამდენად ცნობილია მოსახლეობისათვის ნარჩენებით განადგურებული ეკოსისტემის რეალური სურათი.
"ყველაფერთან ერთად, ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი ის იყო, რომ უკანონო ნაგავსაყრელების სამარცხვინო პრეცენდენტის მხილებით, ერთ ადამიანში მაინც გაგვეღვიძებინა ბუნებაზე ზრუნვისა და უკეთესობისკენ სწრაფვის სურვილი. გამოკითხვის შემდეგ, კვლევაში მიღებული მონაცემების ძირფესვიანად გაანალიზების მიზნით, შევადგინეთ მოკლე სტატისტიკური ცნობარი, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა პრობლემის ეპიცენტრი.
კონკრეტულად, მივედით შემდეგ დასკვნამდე: ყველას აწუხებს უკანონო დაბინძურება და სურს, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, თუმცა არავის აქვს სახელმწიფოს თანადგომის იმედი. მათი აზრით, მთავარი ბერკეტი მომავალი თაობების ხელშია და სწორედ მათ აკისრიათ ბუნებაზე ზრუნვისა და დაბინძურებული ეკოსისტემის მოწესრიგების საპასუხისმგებლო საქმე. ასევე დავადგინეთ, რომ უმრავლესობა თავს არიდებს სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკონტაქტებასა და პრობლემის გაპროტესტებას, ვინაიდან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები თუ გამოხმაურებები იშვიათია" - ამბობენ ეკოკლუბელები.
ამ აქტივობამ მოსწავლეებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ საზოგადოებრივ აზრსა და დამოკიდებულებას უკანონო ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით. მათი გულისტკივილის, სურვილების, შეხედულებების მოსმენამ, გააზრებამა და გათვალისწინებამ, ეკოკლუბელებში კიდევ უფრო გააღვივა უკანონო დაბინძურებასთან დაკავშირებული პროექტების გაგრძელების სურვილი.