შეშა ჩხოროწყუს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების შეშით უზრუნველყოფისათვის 2015 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი   ხუთი ათასი ლარით თექვსმეტი ოჯახის შეშით უზრუნველყოფა შეძლო. გარდა ამისა, კიდევ ექვს ოჯახს, სოფელ მუხურში და ზუმში გამგეობამ გაუნაწილა 20,56 კუბური მეტრი შეშა, რომელიც ლუგელას ხეობაში ,,ხობიჰესი 2’’-ის მშენებლების მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების შედეგად იქნა მოპოვებული. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის დათო გოგუას ინფორმაციით, წლის ბოლომდე ჰესის მშენებელი კომპანიის მიერ სპეციალური ჭრებით, კიდევ მოპოვებული იქნება 186 მ³ საშეშე მერქანი, რომელიც ასევე გაუნაწილდებათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ შეშის გარეშე დარჩენილ ოჯახებს. გამგებლის განმარტებით, ოჯახების შერჩევა ხდება სპეციალური კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით. აღნიშნული კომისიის  შემადგენლობაში არიან გამგებლის წარმომადგელი, სოფლის დეპუტატი, სოციალური მომსახურების საააგენტოს სოციალური მუშაკი და გამგებლის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, რომელიც დასამტკიცებლად შეტანილია საკრებულოში, გათვალისწინებულია ათი ათასი ლარის გამოყოფა დასახელებული კატეგორიის ოჯახების შეშით უზრუნველყოფისათვის.