თებერვლის თვე გამოცხადდა სიღარიბის დაძლევის თვედ და სენაკის გიმნაზიის ეკოკლუბმა თვის განმავლობაში რამდენიმე საქველმოქმედო აქცია დაგეგმა. პირველი აქცია, რომლითაც დაიწყეს საქველმოქმედო მარათონი, იყო - ,,ქუჩის მუსიკოსები ღარიბი ოჯახებისთვის“. მიზანი - დახმარებოდნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვებს და გაელამაზებინათ მათთვის დღეები.
ეკოკლუბის მოსწავლეები მეგობრებთან ერთად გავიდნენ ქალაქის ქუჩებში. მათ მოამზადეს რეპერტუარი, რომელიც შეასრულეს გამვლელებისთვის, ხოლო, თუ რას ეხებოდა აღნიშნული აქცია, გადმოცემული იყო პლაკატებზე. საკმაოდ კარგად მოირგეს ,,ქუჩის მუსიკოსების“ როლი და რადგანაც ქალაქ სენაკისთვის უჩვეულოა მსგავსი მსვლელობები, მოსახლეობა დაინტერესდა მოსწავლეების მიზნებით და შედეგიც მიიღეს. თითქმის არავის ჩაუვლია გულგრილად და ყველამ გაიღო მცირედი. შეგროვდა საკმაოდ მიზრდილი თანხა, რომლითაც რამდენიმე თანატოლს გაულამაზებენ დღეებს.
გიმნაზიელი ,,ქუჩის მუსიკოსები" კი უკვე მესამე წელია ატარებენ მსგავს გასვლებს.