ბაღდათის N2 სკოლის ეკოკლუბი ფოთლების დაწვის წინააღმდეგ

ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "სუპერნოვამ” მიზნად დაისახა, ჩაეტარებინა საინფორმაციო კამპანია ფოთლების წვის წინააღმდეგ, რადგან  საგაკვეთილო პროცესის დროსაც მარტივი იყო იმის შემჩნევა, რომ მზიან ამინდში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთ ეზოში იწვებოდა ფოთლები, დაბინძურებულ ჰაერს კი სუნთქავდნენ როგორც ზრდასრულები, ისე სკოლის მოსწავლეები. 

ეკოკლუბელებმა ჩაატარეს გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ფოთლებს წვავდნენ თავიანთ ეზოებში, არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რატომ იყო საზიანო ფოთლების დაწვა მათი ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის. არც ის იცოდნენ, რომ ,,მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა იწვევდა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით”. სწორედ ამიტომ ეკოკლუბის წევრებმა პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მიიჩნიეს.

მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები, პოსტერები, დაჯგუფდნენ და რამდენჯერმე შემოიარეს ბაღდათის სხვადასხვა უბანი და ჩაატარეს არაერთი საინფორმაციო კამპანია ფოთლების წვის წინააღმდეგ.  ეკოკლუბის წევრები ბაღდათის მცხოვრებლებს  უხსნიდნენ, თუ რამდენად საზიანოა ფოთლების წვა ადამიანისა და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისთვის, რომ ფოთლების უმეტესობა არასრულად იწვება. ამ დროს კვამლი გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, იქმნება ხანძრის საფრთხე და ბინძურდება ნიადაგი. ეკოკლუბელებმა დაინტერესებულ პირებს ასევე გააცნეს ჩამოცვენილი ფოთლების გამოყენების ალტერნატიული გზები, აუხსნეს როგორ შეუძლიათ კომპოსტირება.

ბაღდათის N2 სკოლის მოსწავლეებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს ფოთლების წვის წინააღმდეგ. საუბრისას ბევრმა აღნიშნა, რომ მომავალში ფოთლებს აღარ დაწვავდნენ და  ეს ხელის მოწერითაც დაადასტურეს.