10 დეკემბერს CENN-ის ორგანიზებით აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებისთვის, მორიგი ფოტოტური ჩატარდა კოლხეთის ეროვნულ პარკში.
მოსწავლეებისთვის მოეწყო 3 საათიანი სანაოსნო ტური პალიასტომის ტბისა და მდინარე ფიჩორის ხეობაში. მარშრუტი დაიწყო პალიასტომის ტბის შესასვლელიდან. მოსწავლეებმა დაათვალიერეს პალიასტომის ტბის ულამაზესი ნაპირები, მდინარე ფიჩორის შესართავის თვალწარმტაცი ხედი. მდინარის ნაპირზე მოწყობილი სათვალთვალო კოშკიდან შესაძლებლობა ჰქონდათ იქ გავრცელებულ წყლისა და ჭაობის ფრინველებზე, აგრეთვე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების.
ფოტოინსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით ფოტოტურის მონაწილეებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების ამსახველი მეტად საინტერსო ფოტოები გადაიღეს.
მოსწავლეები სანაოსნო ტურის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდნენ და აფიქსირებდნენ სხვადასხვა სიმაღლეზე და სისწრაფით ჰაერში მოლივლივე ფრინველებს.
მოსწავლეებმა ურეკში შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც მოახერხეს ფრინველებზე დაკვირვება და ფოტოების გადაღება.
მოსწავლეებს აგრეთვე წარედგინათ ფოტოკონკურს ,,ფოტო სინთეზ-2016’’-ის თემა და პირობები CENN-ის პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ რეგიონული კოორდინატორის მიერ. ერთ-ერთმა მოსწავლემ კი კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრშივე განახორციელა რეგისტრაცია forestry.cenn.org-ზე და ატვირთა საკონკურსო ფოტო.
ფოტოტურის მონაწილეებს ეროვნული პარკის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციის უფროსმა ხათუნა კაჭარავამ გააცნო.
ფოტოტური ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ( ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული ღონისძიების პარტნიორები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და აფხაზეთის განათლების სამინისტრო არიან.