ქობულეთის კულტურის სახლში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის და ქ. ბათუმის ხელმძღვანელი პირებისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებისათვის.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალური სამსახურების მხარდაჭერა მწვანე საფარის მართვაში. ამ მიზნით, ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მომზადდა სამართლებრივი პაკეტის პროექტი თვითმმართველობებში ე. წ. „გამწვანების სამსახურების“ სისტემის გასაუმჯობესებლად.
მოწვეულმა სპეციალისტებმა (პროფესიული გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში) წარმოადგინეს შემდეგი საკითხები: მწვანე საფარი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, გამწვანების სამსახურის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, სამუშაო ადგილის უსაფრთხოების ნორმები და მეთოდები, ბაწრით ხეზე ცოცვის მეთოდოლოგია, ჭრისა და სხვლის მეთოდები და ფორმები, მიღებული მწვანე ნარჩენების მართვა და განთავსების საკითხები, ევროპული შეხედულებები და სხვა.
შეხვედრა ჩატარდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
აქვე, თანდართულ ბმულზე ნახეთ "აჭარის ტელევიზიის" სიუჟეტი აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით:
http://ajaratv.ge/ge/news/society/stsavleba-gamtsvanebis-samsakhuris-tanamshromlebistvis-0674616461/105217