აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს სოფლის წყაროების შემოწმება სპეციალური სინჯებით. პროცესში ჩართული იყო 12 მოსწავლე. როცა დაიგეგმა აქტივობა, მოიწვიეს მშობელთა კრება, გააცნეს მიზნები, ამოცანები და შეუდგნენ მუშაობას.
ეკოკლუბელებმა დაასუფთავეს სოფლის წყაროების მიმდებარე ტერიტორია. შემდეგ სპეციალურ სინჯებში აავსეს წყაროს წყალი, დააყოვნეს 24 საათი და ფერის მიხედვით ამოიცნეს წყლის ხარისხი. შემდეგ გავიდენ მოსახლეობაში და ჩაატარეს გამოკითხვა, გადაიღეს ფოტოსურათები და მოსახლეობას ნაგვის ურნების გამოყენებისკენ მოუწოდეს.
მაღალმთიან რეგიონში წყაროს წყლების გარეშე რთულია ცხოვრება. ამას გარდა, რელიეფის გამო, ამ მხარეში ჭაბურღილებით წყლის ამოყვანა შეუძლებელია. ამიტომ ბუნებრივ წყაროებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შუახევის სოფელ წყაროთას სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში წელს პირველად ჩაერთო.