კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "სამთავისის" წევრებმა კლუბ "მწვანე პლანეტას" წევრებთან ერთად დაასუფთავეს სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის ეზო, მისი შემოგარენი, სტადიონი და სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების პროცესში მონაწილეობა მიიღო ათმა მოსწავლემ, ორმა პედაგოგმა და ორმა მცირეწლოვანმა მოხალისემ. კლუბის რამდენიმე წევრი დასუფთავების პროცესს ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო.
აქციის მონაწილეები აღჭურვილები იყვნენ შესაბამისი ინვენტარით. დასუფთავების პროცესი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა ნარჩენები დაახარისხეს და პოლიეთილენის, პლასტმასის, მინის, ქაღალდის ნარჩენები შეაგროვეს შესაბამის ტომრებში.
ეკოკლუბელები მომავალში გეგმავენ დასუფთავების არეალის გაფართოებას, კერძოდ სოფელ სამთავისის გარკვეული უბნების, მათ შორის მდინარე ლეხურას მიმდებარე ტერიტორიის, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, გზისპირების დასუფთავებას. ეკოკლუბი "სამთავისი" და კლუბი "მწვანე პლანეტა" მომავალშიც ითანამშრომლებს და რამდენიმე ერთობლივ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.