არც შეშა, არც გაზი – ჩოხატაურის სოფელ გორაბერეჟოულის მოსახლეობა დაპირებულ გაზიფიცირებას ითხოვს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის მოსახლეობამ ბუნებრივი აირის მოთხოვნით აქცია გამართა და ოზურგეთი-ჩოხატაურის საავატომობილო გზა გადაკეტა.როგორც მოსახლეობა აცხადებს, რამდენიმე წელია სოფელიგაზიფიცირებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
„ნახევარ სოფელში არის გაზი და ნახევარ სოფელში არა. რამდენიმე თვის წინაც მოვაწყვეთ აქცია, მოწვეული გვყaვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვითხოვდით გაზის შემოყვანას. მოგვიყვანეს სოკარის წარმომადგენელი, ანტონ სამსონაძე რომელმაც განაცხადა, რომ გორაბერეჟოულში გაზი ბოლომდე იქნება გაყვანილიო. რაც არის გაკეთებული, ის წინა ხელისუფლებამ გაკეთა, ამ სამსონაძემ გვითხრა, რომ არასოდეს არავისთვის ტყუილი დაპირება არ მითქვამსო და ახლა ერკეთი აკეთებენ გაზს და ჩვენი სოფელი ისევ დატოვეს. ჩვენი მოთხოვნაა სოფელში დაიწყოს გაზის შეყვანა, გაჭივრებაა სოფელში და რა ვქნათ, თუ გაზი არ გვექნება რით გავთბეთ? ხე რომ მოჭრა, ჯარიმებია ქვეყნის. სამსახური ჩვენ არ გვაქვს და ხელფასი, შეშას ვერ ვყიდულობთ. 13 წელია გვპირდებიან გაზის გაკეთებას. მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თქვენ ისეთ სიტყვას ვერ წამომაცდევინებთ, მერე იმაზე პასუხი რომ მომთხოვოთო. ჩამოსული რომ იყო კალაძე, გამოეყვანათ გორაში და შეხვდებოდა ხალხი. ვინც კმაყოფილი ყავთ, იმას შეახვედრებენ. საპირფარეშო არ არის სკოლაში და ის არ გააკეთეს“ - აცხადებს სოფელ გორაბერეჟოულში მცხოვრები, იზოლდა რამიშვილი.
მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ სოფლის გაზიფიცირება არ მოხდება, ისინი გაზის გამანაწილებელი სადგურიდან მის გათიშვას შეეცდებიან. ადგილობრივები პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ გაზი მხოლოდ გამგეობის თანამშრომლებს შეუყვანეს სახლში.
„ჩვენ სოფელში ყველაფერი პრობლემაა, 67 წლის კაცი ვარ და არ არსებობს ამ სოფელში რაიმე საქმე მოგვარებულიყოს. სოფელი ორადაა გაყოფილი, ზედა სოფელში ყველაფერია, ქვედა სოფელში არაფერი. რამდენი წელია ვითხოვთ გაზს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. 150 ლარით ვიყიდოთ ყველაფერი? ხელისუფლება გვპირდება- დღეს, ხვალ და ამასობაში გავიდა რამდენიმე წელი. 21-ე საუკუნეში გაზს ვითხოვთ და არ გვაღირსეს, აწი მოკვდებით. შარშან დაგვპირდნენ იქნება გაზიო და წელსაც იგივეს აკეთებენ, არაფერი არ გამოვა ამ მთავრობისგან. ეს მთავრობა მთავრობა არაა, ესენი არიან მედღემეხვალიე ხალხი. ესენი რასაც ამბობენ, არაფერს არ ასრულებენ“. - გვითხრა აქციის მონაწილემ არჩილ ჯანბერიძემ.
„ჩვენი მოთხოვნაა გაზი, რაც მაქვს პენსია ის წამალში არ მყოფნის, მცირეწლოვანი ბავშვები გვეყინება, შეშის ფული არ გვაქვს და ამ გაზით ეკონომიას გავაკეთებდით. რამდენჯერ მოვიდა ეს ხელისუფლება ჩვენთან იმისთვის, რომ ხმა მიგვეცა და აგვერჩია. არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ აქციებს, რას გვიზამენ ყველას დაგვიჭერენ? ასე შეიძლება აიგდო ადამიანები?“ - აცხადებს მერი სირაძე.
„შეშა რომ მოვჭრა ერთი ძირი ჩემს ფართობში 500 ლარიან ჯარიმას გვიწერენ, ვინც გამგეობაში მუშაობს, იმათ აქვთ გაზი, ჩვენ ვუყურებთ შორიდან. რადგან გამგეობაში არ ვმუშაობთ რა გამოვდივართ, ყრუები და ბნელები? თუ არ გაიყვანებენ გაზს, გადავკეტავთ ცენტრალურ მაგისტრალს გა გაზს შეუწყვიტავთ მთელ რაიონს“ - ამბობს ზურაბ კაკურია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, მუნიციპალიტეტში წელს გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია და გორაბერეჟოულის გაზიფიცირება მომდევნო წელს მოხდება.
„გუშინ შეხვდი აქციის მონაწილეებს, მათი მოთხოვნა სოფელ გორაბერეჟოულის ერთ უბანში გაზის შეყვანაა. პრინციპში, მათი მოთხოვნა იდენტურია ყველა იმ ადამიანის მოთხოვნისა, ვინც გაზს ითხოვს. წელს უკვე დასრულებულია პროექტირების სამუშაოები და საქმის კურსშია ენერგეტიკის სამინისტრო და ინვესტორი კომპანია „სოკარი“. მომავალი წლიდან იგეგმება ამ სოფლის გაზიფიცირების დასრულება. ეს ინფორმაცია მათ აქვთ და დამატებით სხვა რა მოთხოვნები აქვთ ვერ გეტყვით.“ - აცხადებს კუჭავა.