ქუთაისელი მოსწავლეები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

ქუთაისის N13 საჯარო სკოლის ეკოკლუბი წელს პირველად ჩაერთო ნიკო კეცხოველის პრემიაში. პირველი აქტივობა, რომელიც ქუთაისელმა მოსწავლეებმა განახორციელეს, ეს იყო მოსწავლეების მიერ ჩატარებული ტრენინგი მდგრადი განვითარების მეცამე მიზნის - "კლიმატის მდგრადობის მიღწევა" მიხედვით.

იმერეთის რეგიონში ბოლო წლებია შეიცვალა კლიმატი, რაც აშკარად შესამჩნევი იყო წელს, როდესაც ზაფხულის დასაწყისში უხვმა ნალექმა და შემდგომ განვითარებულმა გვალვებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები არის თუ არა იმერეთის რეგიონის ლოკალური კლიმატური ცვლილებები, გლობარული კლიმატური ცვლილებების გამოძახილი. მოსწავლეებმა საკუთარი ძალებით განახორციელეს ტრენინგი თემაზე: "კლიმატური ცვლილება-დედამიწა განგაშის ზარს სცემს!". ტრენინგი ფარგლებში მოხდა სპეციალური ლიტერატურის დამუშავება. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ რა არის მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების მიზეზი. არის თუ არა ადამიანის მიერ არარაციონალური ბუნებათსარგებლობა ამ ცვლილებების ხელშემწყობი ფაქტორი.

ტრენინგის მიმდინარეობისას მომხსენებელი იყო ეკოკლუბ "მაგნოლიას" ორი წარმომადგენელი - ანა ჯაჯანიძე და მარიამ ხურცილავა. მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები  გამოირჩეოდა ინფორმატიულობით, მასალის საინტერესო ორგანიზებით. ტრენინგი ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, მოსწავლეების მიერ დასმულმა კითხვებმა ერთგვარად გამოიწვია აუდიტორია. წარიმართა საინტერესო დისკუსია. მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა, რომ არ არსებობს ლოკალური პრობლემები, დედამიწა არის ერთიანი მთლიანი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადამიანის უგუნური მოქმედებების გამო დღეს შველას ითხოვს და აუცილებელია ქმედითი აქტივობები რათა ვუშველოთ პლანეტას,

ტრენინგის შემდეგ, სკოლის ფოიეში მოხდა ეკოკლუბის სხვა წევრების მიერ დამზადებული პოსტერების და კედლის გაზეთების გამოფენა. ყველა კედლის გაზეთთან ფოიეში იდგა მისი ავტორი და გაკვეთილებს შორის ხდებოდა დაინტერესებული დამთვალიერებლისათვის პოსტერის თუ კედლის გაზეთის შინაარსის წარდგენა მოსწავლეების მიერ.ერთი კვირის მანძილზე, სკოლის ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს კედლის გაზეთებში არსებულ მასალას.