კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურობდნენ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებო პროცესებში. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსისთვის ეკოკლუბის შექმნა, რათა უფრო მიზანმიმართული გახდეს მათი საქმიანობა, გაფართოვდეს სამოქმედო არეალი რეგიონის, ქვეყნისა თუ საერთაშორისო მასშტაბებით.
ეკოკლუბის პირველ შეხვედრაზე გაჟღერდა უამრავი საინტერესო ინიციატივა. გადაწყდა თანამშრომლობა გორის მე-12 და სოფელ ტინისხიდის საჯარი სკოლებთან, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან, ქეთევან ხუციშვილთან ერთად გადაწყდა გასვლითი ღონისძიება თავისუფალ თეატრში და შემდგომში საინტერესო დებატებისა თუ დისკუსიების მოწყობა საზოგადოებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა უსამართლობა, უთანასწორობა და სხვა.
ეკოკლუბელებს სურთ მოსწავლეებში მოხდეს ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდებმა ასევე მოინდომეს საქველმოქმედო საქმიანობების გაფართოვება, დაისახეს კონკრეტული გეგმები და განხორციელების გზებიც ჩამოაყალიბეს.