ეკოკლუბმა "შეუპოვარმა" ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს ჯანდაცვისა და ეკოლოგიურ კომიტეტთან ერთად, აღნიშნულ სკოლაში ჩაატარა კონკურსი ყველაზე ეკომეგობრული კლასის გამოსავლენად. კონკურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს და საკუთარ კლასებში განათავსეს ,,მწვანე ყუთები", რომლებშიც მაკულატურას შეაგროვებენ.
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ეკოკლუბის მიერ წამოწყებული პროექტი ემსახურებოდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებასა და მათ უშუალო ჩართვას კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ მიმართულ ღონისძიებებში. ჩოხატაურელ მოსწავლეებს გათავისებული აქვთ, რომ ის სარგებელი, რომელიც მაკულატურის შეგროვებასა და ჩაბარებას მოაქვს ჩვენი გარემოსათვის, გადამწყვეტი როლის მქონეა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.
მოსწავლეების ნამუშევრები შეაფასა ეკოკლუბისა და ეკოლოგიური კომიტეტის წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ. დიზაინისა და ზომის გათვალისწინებით გამოვლინდა საუკეთესო მწვანე ყუთის ავტორი კლასი, რომელსაც მიენიჭება ყველაზე ეკომეგობრული კლასის სტატუსი და დაჯილდოვდება.