ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი და ტყეპარკი მოეწყობა

მდინარე ვერეს ხეობის განვითარების კონცეფცია არქიტექტორებისა და გარემოს დამცველების მოწონებას იმსახურებს. მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის პროექტი იმ ახალგაზრდებზეა გათვლილი, რომლებმაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს. კონცეფციის მიხედვით, ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი და ტყეპარკი მოეწყობა. მდინარე ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, კომპანია „არქიტექტურული ბიუროს“ დირექტორი მიხეილ ბალიაშვილი, ამბობს, რომ პროექტის განხორციელების ერთ-ერთ გზად კომპანია საზოგადოების ჩართულობას მოიაზრებს. ამ მიზნით, კომპანია ერთ ინიციატივაზე მუშაობს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს ვერეს ხეობის აღდგენის პროცესში. აი, როგორ განმარტავს მიშა ბალიაშვილი ამ ინიციატივას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას: „შეიქმნება ვებგვერდი. ამ ვებგვერდზე, მაგალითად, პარკის ტერიტორია პირობითად დაიყოფა პიქსელებად. როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ გარკვეული რაოდენობის პიქსელები. შესაბამისად, ამ თანხით ადამიანები შეიტანენ გარკვეულ წვლილს პარკის მშენებლობის ბიუჯეტში და პლუს, თვითონ პარკის ტერიტორიაზეც იქნება მინიშნებები სახელებით და გვარებით და მე თუ, პირობითად, გადავიხადე ორმოცდაათი ლარი და შევიძინე პიქსელი, შემეძლება მივიდე იმ ტერიტორიაზე შვილთან ერთად და ვაჩვენო მას, რომ ამ პარკის მშენებლობაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. ვფიქრობ, საინტერესო ინიციატივაა საზოგადოების ჩართულობის მხრივ არა მარტო ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, არამედ იმისათის, რომ ადამიანებს ჰქოდნეთ შეგრძნება, რომ ამ პარკის შექმნაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა“. დედაქალაქის მერიის მიერ მდ. ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „არქიტექტურული ბიურო“ პროექტზე ერთი თვის მანძილზე მუშაობდა ექსპერტებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. მიხეილ ბალიაშვილი ამბობს, რომ მუშაობის პროცესში მათი ამოსავალი წერტილი ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებმაც 13 ივნისის სტიქიის შედეგად განადგურებული ვერეს ხეობა დაასუფთავეს. მისი თქმით, განახლებული ვერეს ხეობა სწორედ ახალგაზრდების ინტერესებზე იქნება მორგებული: ​„შესაბამისად განვსაზღვრეთ, თუ რა უნდა ყოფილიყო მათთვის პრიორიტეტული. და ეს პრიორიტეტებია განათლება, სპორტი და დასვენება და, შესაბამისად, ტერიტორიაც ამ მიმართულებით განვითარდება“. ანუ ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. გეგმის თანახმად, საგანმანათლებლო ცენტრი მოეწყობა 20 000 მ2 ტერიტორიაზე, რომელიც გააერთიანებს საკონფერენციო-სასემინარო დარბაზებს, არაფორმალურ სამეცადინო სივრცეებს, ბიბლიოთეკასა და სტუდენტურ სასადილოს. ვერეს ხეობის ზედა ნაწილში დაგეგმილია ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობა ექსტრემალური სპორტისთვის.

როგორც კომპანია „არქიტექტურულ ბიუროში“ განმარტავენ, წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, 300 000 მ2 ტერიტორიაზე მოეწყობა ტყე-პარკი, ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიები კი ერთმანეთს ორი „მწვანე ხიდის“ საშუალებით დაუკავშირდება. ამასთან, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაჩნდება მდინარე ვერეს მცირე განშტოება და პატარა ზომის ტბები, რომლებიც, ერთი მხრივ, შექმნის შესაბამის გარემოს პარკისათვის, მეორე მხრივ კი, ერთგვარი რეზერვუარის ფუნქციას შეასრულებს. კონცეფციაში კვლავაც ინარჩუნებს საკუთარ ადგილს ვერეს ხეობის ავტომაგისტრალი. თუმცა, როგორც კი ქალაქის პოლიტიკა განისაზღვრება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პარალელურად შეიზღუდება კერძო ტრანსპორტის გადაადგილება, პროექტის მიხედვით, ვერეს ხეობაში გადაადგილების საშუალება მხოლოდ ელექტროავტობუსებს ექნება. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის დავით აბულაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის არსებული სახით მოწყობა იმთავითვე ხარვეზებით წარიმართა და ის არ იყო გამოკვლევებზე დაფუძნებული, დღეს ეს მაგისტრალი ერთ-ერთ გამოსავლად რჩება ქალაქის ხერგილებისგან განტვირთვის თვალსაზრისით, თუმცა ის მიესალმება ვერეს ხეობის განვითარების პროექტის ავტორთა კონცეფციას იმ თვალსაზრისით, რომ დროთა განმავლობაში ავტომაგისტრალი სახეს შეიცვლის: „ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა. მაგისტრალი ნელ-ნელა გადაიქცევა შერეული - კერძო და საზოგადოებრივი - ტრანსპორტის სავალ ნაწილად, საბოლოოდ კი განსაზღვრული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომელიც მხოლოდ ამ ზონას მოემსახურება“. 13 ივნისის სტიქიის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა და საუბარი იმის შესახებ, თუ რა სახით უნდა აღდგენილიყო მდინარე ვერეს ხეობა, მათ შორის, საუბარი იყო ე. წ. „ქართულ მანჰეტენზეც“, რომელიც ამ ტერიტორიაზე, გარდა რეკრეაციული ზონისა, მოიაზრებდა ბიზნესცენტრებისა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასაც. სწორედ ეს ფონი იყო მიზეზი იმისა, რომ პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე თბილისის მერიაში „არქიტექტურული ბიუროს“ პროექტის განხილვაზე ნეგატიური განწყობით მივიდა, შეხვედრიდან კი სულ სხვა შთაბეჭდილებით გამოვიდა. „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ ფეისბუქგვერდზე წერს: „მოხარულები ვართ, მერიაში მდინარე ვერეს ხეობის სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძალიან კარგი კონცეფცია წარმოადგინეს. პროექტმა, მთლიანობაში, დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება. კონცეფცია არის სრულიად გამართული, პოზიტიური. ჩვენ აქ მოვდიოდით საჩხუბრად და საომრად და აღმოჩნდა, რომ დაგვხვდა არაჩვეულებრივი კონცეფცია“. თბილისის მერი დავით ნარმანია ამბობს, რომ ვერეს ხეობაში მოეწყობა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი. მიხეილ ბალიაშვილის თქმით, კომპანია მომდევნო ორი თვის მანძილზე დაასრულებს მუშაობას ჩარჩო გეგმაზე, რის შემდეგაც პროექტი განსახილველად, მერიის წარდგინებით, გადაეგზავნება თბილისის საკრებულოს. წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/content/veres-kheoba-akhalgazrdebs/27411545.html