მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის ჩატარდა სემინარი-სახანძრო უსაფრთხოება, რომელსაც მარტვილის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სპეციალისტი შოთა ბედია უძღვებოდა. მოსწავლეებმა გაიგეს სახანძრო სამსახურის შექმნის ისტორიის, აღჭურვილობის, თანამედროვე ტექნიკის შესახებ, რითაც მეხანძრეები ახდენენ ხანძრის ლოკალიზაციას.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საევაკუაციო გეგმის დანიშნულებაზე საუბარს. სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად ადამიანთა მასობრივი თავშეყრის და სართულზე 10 ადამიანზე მეტის და შშმ პირების შენობაში მუდმივად არსებობის შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ყველა სართულზე და საევაკუაციო გასასვლელებთან, თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საევაკუაციო გეგმა, როგორც გზამკვლევი, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი შენობას ხანძრის დროს. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა სახანძრო დაფასთან გადაინაცვლეს და სპეციალისტისგან მიიღეს დეტალური ინსტრუქცია დაფაზე არსებული ხელსაწყოების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში მიღებული ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარებათ გამოიჩინონ სიფრთხილე აალებად, ფეთქებად საგნებთან, სწორად მოიხმარონ ტექნიკა და გაიაზრონ საევაკუაციო გეგმის არსებობის აუცილებლობა შენობებში.
ეკოკლუბსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის შეთანხმების საფუძველზე დაიგეგმა, რომ ყოველწლიურად მოხდეს სკოლის მოსწავლეების და იქ დასაქმებული ადამიანების გავარჯიშება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ხანძრის დროს.