დავით ნარმანია: თბილისში 480 ათასი ხე გვაქვს დარგული

მილიონი ხის დარგვის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 480 000 ხეა დარგული. "გამწვანების თვალსაზრისით, ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. ერთი მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში, ახლა უკვე, დღეის მდგომარეობით, ჩვენ დაახლოებით 480 000 ხე გვაქვს დარგული. ასევე, პირველად ქალაქის ისტორიაში შევიმუშავეთ ქალაქის რეკრეაციული განვითარებისა და თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის კონცეფცია, გარემოს დაცვითი სტრატეგია. შესაბამისად, 2,5 მილიონ კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას დამატებით მივანიჭეთ რეკრეაციული ზონის სტატუსი“, – განაცხადა ნარმანიამ.