ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის იმ ნაწილში, სადაც ადგილობრივი სკოლა მდებარეობს, აქამდე არ იყო ნაგვის ურნები. მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს პირდაპირ ხევში ან მდინარეში ყრიდა. ეკოკლუბელები ფიქრობდნენ, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზა ნაგვის ურნების დადგმა იქნებოდა, რადგან მოსახლეობას აღარ ექნებოდა რაიმე "არგუმენტი" საკუთარი ქცევის გასამართლებლად - ურნები არ არის და სხვა გზა არ გვაქვსო. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, წითელხევის სკოლის ეკოკლუბმა წამოიწყო კამპანია, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემდა მათი ხმა შესაბამის უწყებებამდე მიეტანათ.
ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს მოსახლეობაში შეეგროვებინათ ხელმოწერები და ხალხის აზრი და თხოვნა წარედგინათ ბაღდათის საკრებულოს წინაშე.
ბავშვებმა ამ პროცესის მხარდამჭერი ვიდეორგოლიც მოამზადეს, რათა მოსახლეობაში გაეზარდათ ცნობადობა თუ რას აკეთებდნენ და რა მიზნით. მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, პროცესი ბოლომდე მიიყვანეს და შედეგიც დადგა. სამოქალაქო აქტიურობამ და შესაბამისი უწყებების დროულმა რეაქციამ ის მოიტანა, რომ სოფელ წითელხევის იმ უბანში, სადაც სკოლა მდებარეობს, პირველი ნაგვის ურნები დაიდგა.
მთავარი კი ისაა, რომ წითელხეველი ეკოკლუბელები მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებენ!