გაიცანით ყვარლის სოფელ სარუსოს სკოლის ეკოკლუბი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სოფელ საცხენის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. სადაც სოფელი სრულდება და იწყება კავკასიონის მთები პატარა ვაკეზე გაშენებული იყო უამრავი წაბლის ხე, რომელიც სოფლის მოსახლეობას მოსავალსაც აძლევდა და ამას გარდა ბუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, როგორც მწვანე საფარი. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ხეების უმეტესობა ბრაკონიერებმა მოჭრეს, ზოგიც ხმება სხვადასხვა დაავადების თუ მოსავლის აღების დროს არასწორი მოპყრობის გამო.

მიმდებარე ტერიტორია უკიდურესად დაბინძურებულია, წლების განმავლობაში აქ ადამიანები ყრიდნენ ყველანაირ ნაგავს, მოსწავლეებმა დასუფთავეს  და დაგეგმეს, რომ  უახლოეს დღეებში კვლავ ესტუმრებიან ამ ადგილს და კიდევ დაასუფთავებენ. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს მიმართავენ თხოვნით, რომ დაიდგას ამ სოფელშიც ბანერები, რომლებიც ადამიანებს შეახსენებს თავის პასუხისმგებლობას და მოუწოდებს მათ სისუფთავის დაცვისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში წლების განმავლობაში დაგროვილ ნაგავს ახალი და ახალი დაემატება. მოსწავლეები გეგმავენ ჩაატარონ მიმდებარე სოფლებში გარემოსდაცვითი ტრენინგები, სადაც მოიწვევენ მოხალისეებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა. 

რაც შეეხება წაბლის ხეების თავიდან გამრავლებას, ამ საკითხზეც გეგმავენ მოლაპარაკებას როგორც მოსახლეობასთან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომ თავიდან გაანაშენიანონ მთლიანი ვაკე. მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ დასუფთავებაში სკოლადამთავრებული ყოფილი მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას.

სოფელ სარუსოს სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.