ტყეების გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მცხეთა–მთიანეთში

მთაში უკვე ნამდვილი ზამთარია, როცა ყველაზე მთავარი – ღუმელი, სითბო და შეშა ხდება.  თუმცა, თუ ვინმე ტყეშიც შეიხედავს, მიხვდება, რა უჯდება ქვეყანას კიდევ ერთი ზამთრის გადატანა. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მცხეთა–მთიანეთის რეგიონის კოორდინატორმა, გიორგი იორამაშვილმა მცხეთა–მთიანეთის რეგიონის რამდენიმე სოციალური ტყეკაფი მოინახულა. სოციალური ტყეკაფები, ხშირ შემთხვევაში, ისეთ დეგრადირებულ უბნებშია  გამოყოფილი, რომ ერთი ოჯახის გამოსაზამთრებდ საჭირო შეშის მოგოვებას 7-8 ხის მოჭრა სჭირდება (მოსაჭრელად დანომრილია მოზარდი ხეები, ე.წ შიმელა); შეშის მარაგი ტყეებში იმდენადაა ამოწურული, რომ ტყეკაფები მდინარის სათავეებთან ახლოს გამოიყოფა. გიორგი იორამაშვილის განცხადებით, თუ სოციალური ფონი არ გამოსწორდა, მოსახლეობის თვითშეგნება არ ამაღლდა და  მოსახლეობას არ გაუჩნდა  იმის უნარი, რომ გადავიდეს ალტერნატიული გათბობის საშუალებებზე (რეგიონში ბევრ სოფელში გაზიფიცირება მოხდა, მაგრამ სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობა მაინც შეშით თბება), უახლოეს წლებში ბევრ ადგილას აუცილებლად გაჩნდება სტიქიის ახალი კერები და სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის პრობლემები. „ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებულმა ზარალმა შეიძლება რამდენიმე ასეულ მილიონს გადააჭარბოს და განსასახლებელი ეკომიგრანტების ახალი ნაკადი მივიღოთ. ასევე დასანანია, რომ ერთი ზამთრის გათბობას ხშირად საუკუნოვანი ტყე სრულიად ეწირება, რაც თავისი რეკრეაციული და ისტორიულ–კულტურული ღირებულებით შესაძლოა ეკონომიკური შემოსავლის მიღებისა და ადგილობრივი სოფლების განვითარების საუკეთესო საშუალება გამხდარიყო“ – ამბობს გიორგი იორამაშვილი და მაგალითად წერათოს ტყე მოყავს, სოფელ შარახევთან (თიანეთის მუნიციპალიტეტი). აღნიშნიშნულ ტერიტორიაზე წელს პირველად გამოიყო ტყეკაფები ადგილობრივი და სავარაუდოდ დაბალი ზონის მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად. ადგილობრივი სოფლის მოსახლეობა (რომელიც სულ 17 ოჯახია) ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გასულ წელს ხელით აღადგინეს მწობრიდან გამოსული ძველი სატყეო გზა, წელს კი მათ მიერ გაკეთებული გზის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყვეს ტყეკაფი. აღსანიშნავია, რომ სოფლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ჯერაც კიდევ არ მოუმარაგებია შეშა ზამთრისთვის. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხან ქვითრები არ არის დაბეჭდილი და ხან სხვა მიზეზები უქმნით პრობლემას. ამ დროს კი, სხვა სოფლებიდან მოყვანილი დამამზადებელი ბრიგადები მუშაობენ და ყოველდღე გააქვთ შეშა აღნიშნული სოფლიდან. ზოგიერთ ადგილას შეშის სამანქანე გზამდე ჩამოტანა ხდება ე.წ. კოტრების ფერდობიდან გზამდე დაგორებით, რაც მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ამ ტყის კიდევ უფრო დეგრადაციას, რადგან დაგორებული კოტრები გზად ხეებს ეჯახება და კანს მთლიანად აცლის. წერათოს უნიკალური ტყე ერთდოულად რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ მაღალი კონსერვაციული ღირებულება მიენიჭოს და შესაბამისად იყოს დაცული და გამოყენებული. ის გამოირჩევა სახეობათა მრავალფეროვნებით, მასში გვხვდება უთხოვრიანები,  ტყეშია შემორჩენილია რამდენიმე კოშკი, აკლდამა და ძველი საყდარი. რეკრეაციული და კულტურული დანიშნულებით ტყის გამოყენებით მიმდინარე წელს ერთდრულად დაინტერესდნენ  გარემოს დაცვის სამინისტროსა და  მცხეთა–მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საიტის ადგილზე შესწავლაც დაგეგმეს. თუმცა, ზამთრის მოახლოვებისას, პრიორიტეტები ისე შეიცვალა და წერათოც „შეშის მსხვერპლი“ ტყეების რიგს მიემატა, რომელიც სულ ერთ თვეში ისევე შეიძლება ვერ იცნოს ადამიანმა, როგორც ეს ბულაჩაურის გადარჩენილი ტყის უბანს დაემართა. ფოტოების ავტორია გიორგი იორამაშვილი 12295341_922102401202283_7702257851971312026_n 12295379_922102234535633_4247550001540684668_n 12308699_922100084535848_189557195732937315_n 12314181_922101117869078_5545030672842437892_o 12314703_922102337868956_3828052574060053366_o 12339152_922100494535807_6478884241555263713_o 12339497_922100304535826_7600913932628560370_o