უკრაინაში დაღუპული ტყიბულელი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი მშობლიურ ქალაქში 1 აპრილს სამხედრო პატივით გადაასვენეს. ტყიბულის მოსახლეობამ მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო. მათ შორის იყვნენ ტყიბულის N2 საჯარო ეკოკლუბის წევრებიც. ბავშვები და ადგილობრივები დავით გობეჯიშვილს ანთებული სანთლებით, საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.
ქართველი მებრძოლი ქალაქ ირპენში 26 მარტს დაიღუპა. ის 3 აპრილს ტყიბულში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეკოკლუბმა თაიგული, რომელშიც საქართველოს და უკრაინის დროშები იყო ჩარჭობილი, ქალაქ ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანა დავით გობეჯიშვილის ხსოვნის პატივსაცემად. დავით გობეჯიშვილის ცხედარი საკუთარი სახლიდან წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი ირპენში, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. დავითი სოხუმიდან იყო დევნილი, იგი მონაწილეობდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში.