ხე-ტყის დამამზადებელი კომპანია „ჯორჯიან ვუდენდ ინდუსტრიალ დეველოპმენტ კო“ ჩხოროწყუს სოფელ მუხურში, ხობისწყლის ხეობაში მოსახლეობის მიერ მათ ტერიტორიაზე საშეშე მერქნის უკანონო მოპოვებაზე საუბრობს. კომპანიის მთავარი მეტყევის, მალხაზ როგავას თქმით, მიზეზი ის არის, რომ ამ ხეობაში სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობამდე, სადაც ტყეკაფებია სოციალური ჭრისთვის გამოყოფილი, მისასვლელი გზა ჩახერგილია. ამიტომ, მოსახლეობა იქ არ მიდის.
ისინი მიდიან ჩვენს ტერიტორიაზე ხის საჭრელად, და შემდეგ უკანა გზაზე არ ვიცი რა მექანიზმებით, წარმოშობის დოკუმენტს აძლევს სატყეო, თითქოს ტყეკაფშია მოჭრილი. არადა ჩვენს ტერიტორიაზეა მოჭრილი. მოსახლეობა თვითნებურად, სატყეოს გარეშე მიდის ბანკში, იღებენ ქვითარს. მერე სატყეოც გარკვეული დოზით ხელს უწყობს, ანუ წარმოშობის დოკუმენტი იწერება უშუალოდ ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის მომენტში, ამ შემთხვევაში კი დატვირთულ მანქანაზე წერენ, სადაც შეხვდებათ“, - უთხრა „ლაივპრესს“ მალხაზ როგავამ.
კომპანიის მთავარი მეტყევის თქმით, მათ ინტერესში არაა მოსახლეობის უშეშოდ დარჩენა, ან ის, რომ ხე-ტყე უკანონოდ გაიკაფოს, პირიქით, ეხმარებიან როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე სატყეო სამსახურს ოპტიმალური ტყეკაფების შერჩევა-გამოყოფაში. მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობის მიმართ არაქვთ პრეტენზიები, რადგან შეშის კანონიერი გზით მოპოვების უფლება სატყეომ და სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს:
„თქვენ რომ იყოთ მუხურის მაცხოვრებელი და გინდოდეთ შეშის ჩამოტანა, იმ გზით ვერ ისარგებლებთ. ეს არის ეგრეთ წოდებული ოხვამეკარი. ხეების მოჭრას თავისი წესი აქვს. არადა იჭრება სისტემის გარეშე, იქ, სადაც თვითონ უნდათ, სადაც მარტივად ტვირთავენ“.
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურში ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მთავარი მეტყევის მიერ მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფენ. სამსახურის უფროსის, გოჩა ხორგუანის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმ კანონდარღვევების შესახებ, რაზეც მალხაზ როგავა საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ წარმოშობის დოკუმენტს ტყეშივე გამოწერენ, იქ, სადაც შეშით მანქანები იტვირთება და სხვაგვარად არ ხდება.
„კიდევ მოვიკითხავ, პირადად მეც გავალ. გავარკვევ სიტუაციას. ხშირად მეც ვამოწმებ. დღე და ღამე რეიდებზე ჯგუფი დადის, მეც გავდივარ. ადრე იყო ასეთი შემთხვევები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფართობები აბარიათ ტყის მცველებს. რამდენიმე გამოსასვლელი აქვს. ერთდროულად ყველგან ვერ იქნება. როცა მოქალაქე იღებს განცხადებას, უკავშირდებიან თანამშრომლები, ერთ დღეს ერთ ადგილას ხვდებიან, მეორე დღეს მეორე ადგილას. თუმცა ყურადღებას მივაქცევ კიდევ ერთხელ“, - უთხრა „ლაივპრესს“ სამსახურის უფროსმა.
გოჩა ხორგუანის განმარტებით, ყველა ტყეკაფამდე მისასვლელი გზა ფუნქციონირებს, ერთადერთი, ჩხოროწყუში, კერძოდ მუხურში ქონდათ შეფერხება, ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში, სადაც მისასვლელი გზები დაახლოებით ათი დღეა გაიწმინდა და მოსახლეობას ამ ფართობიდანაც შეუძლია თავისუფლად შეშის მოპოვება:
„იქ ტყის რესურსი არ იყო იმდენი და უფრო სიღრმეში მოგვიწია ტყეკაფის გამოყოფამ. მუნიციპალიტეტი დაგვეხმარა პრობლემის მოგვარებაში. რაც შეეხება ლიცენზიანტს, ის ვალდებულია თავისი ტერიტორია დაიცვას“.
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მსგავსად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელიც ადასტურებს, რომ პრობლემა კონკრეტულ გზასთან დაკავშირებით არსებობდა, თუმცა ის ორი კვირაა მისივე ინფორმაციით, გაიწმინდა.
„ამიტომ, თუ ვინმე უკანონოდ ხე-ტყის მოპოვებით იქნება დაკავებული, ამასთან დაკავშირებით მოქმედებს კანონი და კანონის მიხედვით იქნება რეაგირებაც“, - განმარტა დავით გოგუამ.
„ჯორჯიან ვუდენდ ინდუსტრიალ დეველოპმენტ კო“ მთავარი მეტყევის თქმით, უამინდობის პირობებში ვერ მოახერხეს აღრიცხვის სამუშაოების წარმოება, თუ რა ოდენობით გაიჩეხა უკანონოდ ტყე, მაგრამ უახლოეს დღეებში დაადგენენ ზარალს და მასალებს შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნიან.
მანამდე მალხაზ როგავამ კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს და ამ ქსელის პროექტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ კოორდინატორს დაუკავშირდა და პრობლემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თავის მხრივ, მაია კოდუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ამ შემთხვევაში ჯარიმა შესაძლოა თანაბრად შეეხოს როგორც ლიცენზიანტს, ასევე მოსახლეობასაც, ვინც მერქნულ რესურსს კანონის გვერდის ავლით მოიპოვებს.
„ჯარიმის ოდენობა გააჩნია ხე-ტყის მოცულობას, მერქნული რესურსის მოცულობას. საერთოდ უკანონო მოპოვება 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. პლიუს ამას გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელიც უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობით განისაზღვრება“, - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.