დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ხაშურის სოფელ ქვიშხეთის სკოლაშიც აღნიშნეს

21 მარტს დაუნის სინდორმის საერთაშორისო დღე აღინიშნება. პირველად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში იქნა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება განხორციელებული. ამ ღონისძიებების მიზანია, საზოგადოებას გაუგზავნოს გზავნილი სახელწოდებით : "ნუ დატოვებ მიღმა", რაც გულისხმობს თანაბარ შესაძლებლობებს სრულფასოვან ცხოვრებაზე დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანისათვის.

ეს დღე ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის მონაწილე მრავალი სკოლის მსგავსად, დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლაშიც აღნიშნეს. ქვიშხეთის სკოლის ეკოკლუბ "ეკო-თაობის" წევრმა მოსწავლეებმა მოამზადეს და თანატოლებს წარუდგინეს პრეზენტაცია დაუნის სინდრომის შესახებ, ისაუბრეს იმ მიდგომებზე რომლებიც საზოგადოებაში არის დამკვიდრებული და აღნიშნეს, რომ ამგვარი მიდგომები უარყოფით გავლენას ახდენს განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებზე და ხელს უშლის მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა გამოჭრეს და გააფერადეს წინდის ფორმის ქაღალდები, რომელიც ქრომოსომების სიმბოლოდ ითვლება. დაუნის სინდრომი სწორედ რომ 21 ქრომოსომული წყვილის გასამმაგებით გამოწვეული გენეტიკური სინდრომია.