ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიოში გავრცელებულია პანდემია, რომელმაც დიდი რაოდენობით ადამიანების სიცოცხლე შეიწია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ტყიბულის N2 სკოლის ეკოკლუბისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეკოკლუბი პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. აქედან გამომდინარე ეკოკლუბმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაეკონტროლებინა მათ სკოლაში არსებული კოვიდ-რეგულაციები და ასევე ჩაეტარებინა გამოკითხვა პანდემიასთან დაკავშირებით როგორც სკოლაში, ასევე სკოლის მიღმა.
ეკოკლუბის წევრებმა დაბეჭდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული რეგულაციების დაცვის წესების პლაკატი, რომელზეც ასახულია თუ როგორ უნდა დაიბანონ ხელები, როგორ უნდა ატარონ სწორად პირბადე და როგორ დაიცვან დისტანცია. ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ადმინისტაციასთან შეთანხმებით ამობეჭდეს პლაკატები წარწერით ,,დაიცავი დისტანცია'' და გააკრეს იატაკზე გათვლილი დისტანციის მიხედვით. ასევე სკოლის კედლებზე გააკრეს პლაკატები, სადაც ჩამოწერილია კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციები. ტყიბულის N2 სკოლაში ყოველ ორ კვირაში არიგებენ პირბადეებს და ეს აქტივობა ჩავატარეთ სკოლის გარეთაც და მოსახლეობას, რომელსაც არ ეკეთა პირბადე გადავეცით პირბადეები და ვთხოვეთ რომ დაიცვან თავიანთი და სხვისი სიცოცხლე.
სკოლაში ჩატარდა გამოკითხვა, როგორც მოსწავლეების ასევე მასწავლებლების. გაარკვიეს თუ რამდენჯერ გადაიტანეს კოვიდ-19. სულ გამოიკითხა 20 ადამიანი, მათგან 5-ს საერთოდ არ აქვს გადატანილი, 7-მა გადაიტანა ორჯერ, ხოლო 8-მ ერთხელ.
ჯერ კიდევ არსებული კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ეკოკლუბმა "ერამ" მიმართა თხოვნით სკოლის დირექციას კიდევ ერთხელ ჩაეტარებინა სადეზინფექციო ჰიგიენური დასუფთავება მთელი სკოლის ტერიტორიაზე (მიუხედავად იმისა, რომ ეს სკოლაში საკმაოდ ხშირად ხდება). შაბათ-კვირას სპეციალური სამსახურის დახმარებით ეკოკლუბ "ერას" წევრებისა და სკოლის დირექციის დაკვირვებით სკოლის ტერიტორიაზე ჩატარდა სადეზინფექციო დასუფთავება).
ტყიბულის მეორე სკოლის ეკოკლუბი მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.