სამღერეთის ყორღანი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში ეკოკლუბის წევრების ინიციატივით მოეწყო გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამღერეთის ყორღანის სურათები და საინფორმაციო მასალა, რომელიც თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრისგან იქნა მიღებული. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი პროფ. გოდერძი ნარიმანაშვილი) 2021 წელს გათხრილი ძვ.წ XXI-XX საუკუნეებით დათარიღებული სამღერეთის ყორღანი განეკუთვნება  თრიალეტის კულტურას. ყორღანის დიამეტრი შეადგენს დაახ. 30 მეტრს. იგი წარმოადგენს ორმოიან დასაკრძალავ სამარხს, რომელიც განკუთვნილი იყო ერთი პიროვნებისთვის. ყორღანში აღმოჩნდა ხის ურმის კვალი. საინტერესოა, რომ სამარხის ორმოს ფორმაც წარმოდგენილია ურმის მოყვანილობით. აქ ვლინდება იმდროინდელი ადამიანის რწმენა-წარმოდგენა, რომ მიცვალებულის სული საიქიოში გადადიოდა ურმის საშუალებით. თავის მხვრივ, ურმის გამწევ ძალას წარმოადგენდა ხარი. სამღერეთის ყორღანულ სამარხში დადასტურდა სამი სხვადასხვა ხარის ინდივიდი. ერთ-ერთი მათგანი დასაკრძალავი კამერის გარეთ, მის აღმოსავლეთით.

აღსანიშნავია, რომ ყორღანში აღმოაჩინეს: სავარაუდოდ ალებასტრის ჭურჭელი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ დაკრძალული პიროვნება შესაძლლოა ყოფილიყო ვაჭართა წრის წარმომადგენელი, რადგანაც ამ პერიოდში (ძვ.წ XXI-XIX საუკუნეებში) გაძლიერებული ვაჭრობა მიმდინარეობდა ეგვიპტესთან და საყურადრებოა ის ფაქტი, რომ ჭურჭელი ალებასტრისგან მხოლოდ ეგვიპტეში მზადდებოდა; 20-მდე თიხის ჭურჭელი (ძირითადად შავპრიალა კერამიკა) სხვადასხვა ორნამენტით, ოქროს ნაკეტობები, საკინძები, სახვრეტები და სხვა.

სამარხში აღმოჩენილი მასალების პირველადი კვლევა, სატესტო დამუშავება და სარესტავრაციო პროექტის დაგეგმვამიმდინარეობს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის სარესტავრაციო-კვლევით ლაბორატორიაში.