ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ეკოკლუბის წევრები "წითელი ჯვრის" მოხალისეები გახდნენ. მოსწავლეებიც ჩოხატაურის "წითელი ჯვრის" ფილიალში დაესწრნენ საინფორმაციო შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოხალისეებმა და ორგანიზაციის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაცია, რომელიც ემსახურებოდა დამწყები მოხალისეებისთვის გაცნობას, თუ როგორ შეიქმნა "წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება", ასევე რა მნიშვნელობა აქვს ამ ორგანიზაციის არსებობას ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსათვის.
შეხვედრის ფარგლებში ეკოკლუბელები არა მარტო გაწევრიანდნენ "წითელ ჯვარში", არამედ სტაჟიან მოხალისეებთან ერთად იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. გაიცნეს ორგანიზაციის მუშაობის პრინციპი, გაიგეს თუ რას ნიშნავს იყო "წითელი ჯვრის" მოხალისე.
"შეხვედრაზე ყველანი დავიმუხტეთ დადებითი ემოციებით. ვისაუბრეთ, იმაზე თუ რატომ გადავწყვიტეთ გავხდეთ ამ ორგანიზაციის ნაწილი. ვიმედოვნებთ, რომ "წითელ ჯვართან" ერთად არაერთ აქტივობას განვახორციელებთ მრავალი ადამიანის სასიკეთოდ და ამავდროულად შევიძენთ ჩვენთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას" - ამბობენ ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ეკოკლუბელები.