კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონის კოორდინატორმა, ნინო სოხაძემ შეისწავლა ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტყის სოციალური ჭრების სტატისტიკა.
როგორც ირკვევა, ლენტეხის სატყეო სამსახურის მიერ სოციალური ჭრებისათვის მიმდინარე წლის მაისის თვეში უკვე მობეჭდილი იყო კვარტლები. მიუხედავად ამისა. მოსახლეობის 40%-ს შეშა არ აქვს მომარაგებული. ამის მიზეზი არის ის, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო ხელედის და ხოფურის სატყეო უბნებში მისასვლელი გზის გაკეთება. აქედან მხოლოდ გზა გაკეთდა ხელედის სატყეო უბანში ხოლო რაც შეეხება ხოფურის უბანს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ დაწუნებული იქნა ქანები (კლდოვანია) და ამიტომ არ დაპროექტდა გზა.
სატყეო იძულებული გახდა მოეხდინა ჩანაცვლება, მაგრამ ჩანაცვლებული კვარტლებიდან მხოლოდ საჭაპანო გზაა და ხარებით ხდება შეშის გამოტანა. დღეის მდგომარეობით ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამოყოფილია 37 კვარტალში ტყეკაფები. აქედან ლაშხეთის და რცხმელურის სოფლებში გამოყოფილ ტყეკაფებამდე მისასვლელი გზა გააკეთა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. რადგანაც ლენტეხში უკვე თოვლია, აუცილებელი ხდება 4 კვარტლის ჩანაცვლება, რადგანაც გამოყოფილ ტყეკაფებამდე მისვლა შეუძლებელია.