თბილისის გამგეობებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შეშის გაცემა დაიწყეს. ამჟამად ჩვენ ხელთ გვაქვს თბილისის ორი რაიონის გამგეობის – საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონების მონაცემები.
საბურთალოს რაიონში მცხოვრები 173 სოციალურად დაუცველი ოჯახი ზამთრის პერიოდში, დახმარების სახით, შეშას მიიღებს. სათბობი შეშის დარიგება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და 32 ოჯახს დახმარება უკვე გადაეცა. პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე ესწრებოდა.
შეშის დარიგება სამი საუბნო ტერიტორიული მართვის ერთეულის მიხედვით თანამიმდევრულად განხორციელდება. სათბობი შეშის შესაძენად საბურთალოს რაიონის გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა.
პროექტისთვის 52 000 ლარია გათვალისწინებული. ამასთან, ზამთრის პერიოდში სათბობი მასალის შესაძენად თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი ვაუჩერები საბურთალოსთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ 110 ოჯახს გადაეცემა.
ასევე დაიწყო ჩუღურეთის რაიონში შეშის გაცემა. რაიონში მცხოვრები 350 სოციალურად დაუცველი ოჯახი ზამთრის პერიოდში, დახმარების სახით, შეშას მიიღებს. სათბობი შეშის დარიგება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და 50 ოჯახს დახმარება უკვე გადაეცა.
„სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სათბობი შეშა შევიძინეთ, რომლის გაცემაც უკვე დაწყებულია და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ჩვენს ყველა ბენეფიციარს დაურიგდება“ - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
თითო ოჯახზე ერთი კუბური მეტრი, წიფელას სახეობის შეშაა გათვლილი.