ინიციატივა "დახმარების თათი"

წალკის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა წამოიწყეს პროექტი ,"დახმარების თათი". "დახმარების თათი" არის ინიციატივა, რომლის მიზანია მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველებისათვის დახმარება, მათი დაპურება და საცხოვრებელი გარემოთი უზრუნველყოფა. 

სოფელ გუმბათში ბევრი უპატრონო ძაღლი და კატაა, რომლებსაც უწევთ მშივრებსა და მიუსაფრებს მკაცრი ზამთრის გადატანა. გარდა ამისა, როდესაც ბავშვები  მათ აგრესიულად ექცევიან, ცხოველებიც აგრესიით პასუხობენ და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას.

ეკოკლუბელებმა სოფელ გუმბათში მათი უბნების უპატრონო ცხოველები დააპურეს. აქცია რომ ერთჯერადი არ იყოს, მოსწავლეებმა უბნები დაინაწილეს და ცხოველებზე მოვლა საკუთარ თავზე აიღეს. მათ უნდა შეაგროვონ სამეზობლოში ნარჩენები და  ცხოველებს აჭამონ. ასევე ეკოკლუბის წევრებმა მოიფიქრეს, რომ ძაღლებს მეორადი ნივთებისგან სახლები გაუკეთონ.

გუმბათელების აქციას მეზობელი სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათი მაზანია წალკაში მშიერი და მიუსაფარი ცხოველების რიცხვის შემცირება.