SABUKO-ს წარმომადგენლები თბილისის 169-ე სკოლის ეკოკლუბელებს შეხვდნენ

თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის მიწვევით, მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ ორგანიზაცია SABUKO-ს წარმომადგენლები, რომლებმაც საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს ფრინველთა მიგრაციის შესახებ. ფრინველთა ეს მოგზაურობა მართალია ადამიანებისათვის შთამბეჭდავია, მაგრამ ფრინველებისთვის გამოწვევებითაა სავსე, მათ უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ, სანამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწევენ.

შეხვედრა მოხდა ღია სივრცეში. შეიკრიბნენ დიღმის ტყე-პარკში. გაკვეთილი თავიდანვე საინტერესოდ წარიმართა, მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით ბავშვებმა ბევრი უცნობი ფაქტი აღმოაჩინეს ფრინველების მიგრაციის შესახებ. ყოველ წელს გამოსაზამთრებლად 12 ათასამდე ფრინველი იწყებს მიგრირებას ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ბუების გარდა თურმე მტაცებლების ყველა სახეობა დღისით მიგრირებს, ღამე კი იბუდებენ და ძალებს აღიდგენენ. გადაფრენა ენერგიის დიდი რაოდენობით ხარჯვასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ენერგიის დაზოგვის მიზნით გადაფრენინას მტაცებლები ძირითადად თერმალებს იყენებენ და ერიდებიან წყალსატევებსა და მთაგორიან ადგილებს.

შავი ზღვის საემიგრაციო დერეფანი მტაცებლების დიდი თავშეყრის ადგილია. დიდი გადაფრენისას ჩრდილოეთის სტეპებიდან წამოსული ფრინველები შავი და კასპიის ზღვების გვერდის ავლით კონცენტრირდებიან შუაში და გადმოიფრენენ დიდი კავკასიონის ქედს, სადაც დასასვენებლად და ძალიბის აღსადგენად შედარებით დაბალ უღელტეხილებს ირჩევენ, ამის შემდეგ კი თავს იყრიან ჯერ კოლხეთის დაბლობზე, შემდეგ კი ბათუმსა და ჭოროხის დელტაზე.