ბაღდათის სოფელ წითელხევის სკოლის ეკოკლუბმა მოაწყო მდინარე კორისწყლის დასუფთავების აქცია. კორისწყალი მდინარე რიონის მარცხენა შენაკადია. მდინარე მიედინება ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში. მდინარის ნაპირებზე გაშენებულია სოფლები: წითელხევი, შუბანი, ფერსათი, სალომინაო, როხი. მდინარის ნაპირები საკმაოდ დაბინძურებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
"ეს აქცია მდინარის ნაპირების დასუფთავების მიზნით დავგეგმეთ და განვახორციელეთ. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვქონდა პრეტენზია, რომ მთლიანად შევძლებდით პრობლემის აღმოფხვრას. თუმცა ეს იყო საჩვენებელი, სამაგალითო ქმედება, რათა ეს საკითხი აქტუალური გახდეს ადგილობრივი სოფლის მცხოვრებთათვის და მომავალში მაინც არ დააბინძურონ მდინარე" - გვწერენ წითელხეველი მოსწავლეები.
ამ ღონისძიების ამსახველი ფოტოები ბავშვებმა სკოლის "ფეისბუკის" გვერდზეც დადეს რათა მოსახლეობაში ბუნების დაცვის კუთხით გაიზარდოს და ამაღლდეს ცნობიერება. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ეკოკლუბის წევრებმა: მარიამ ჭელიძემ, ქეთი გურულმა, ქრისტინე ფაიქიძემ, მარიამ გელაშვილმა, მარიამ სანიკიანმა და ასევე მათმა სხვა თანასკოლელებმა.