მარნეულში მოსწავლეებმა ბებიების დღე სოციალური აქციით აღნიშნეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა აღნიშნეს ბებიების დღე. მარადისელი ეკოკლუბელები სოფელ დაშტაფის სკოლის მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდნენ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს, რომელთაც, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

ოჯახი მიწურში ცხოვრობს და გარდა მძიმე ეკონომიკური პირობებისა, ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ; ღრმად მოხუცებული ბებია, რომელიც თვითონ საჭიროებს ყურადღებას, უვლის სამოც წელს გადაცილებულ შვილს, რომელიც ლოგინსაა მიჯაჭვული, სხვადასხვა დაავადებათა გამო. ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთაც მომვლელი ფაქტობრივად არ ჰყავთ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომლითაც თვიდან-თვემდე გააქვთ თავი.

მარადისელმა და დაშტაფელმა მოსწავლეებმა ოჯახს გარკვეული თანხა გადასცეს მედიკამენტების შესაძენად. გარდა ამისა, შეიძინეს პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები. გარემოსდაცვითი კლუბის წევრები მომავალშიც დაეხმარებიან აღნიშნულ ოჯახს. მოსწავლეები სოციალურ სამსახურსაც მიმართავენ თხოვნით, რათა გადამოწმდეს ოჯახის მდგომარეობა და მიეცეთ სტატუსი.