ერთი რეინჯერის ისტორია

ფოტო: კოტე იანტბელიძე კუკური სარალიძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი "უკვე 56 წლის ვარ და 1983 წლიდან ამ საქმეს ვემსახურები. ჩემი სამუშაო დღე დილით ადრე იწყება, კვირაში 5 დღეს სამსახურში ვატარებ. დღის განმავლობაში 15-20 კმ-ის გავლა მიხდება ცხენით ან ფეხით.

მიყვარს თუ არა ჩემი საქმე ? ეს საქმე და ჩვენი უნიკალური ბუნება რომ არ მიყვარდეს აქ ამდენ ხანს არ გავჩერდებოდი, როგორც ამბობენ თუ საყვარელ საქმეს აკეთებ, მუშაობა არასდროს მოგწყინდება. ჩვენც ასე ვართ, რეინჯერები ბუნებას ვიცავთ, ხალხს ვემსახურებით. დაღლილ-დაქანცულს, რომ ირმის ყვირილი გესმის, ამ მშვენიერ ხედებს რომ უყურებ, ვიზიტორების განცვიფრებულ და მადლიერ სახეებს რომ ნახავ, მთელი დღის სიმძიმე გეხსნება მხრებიდან. გრძნობ რომ ამ ყველაფერში შენც შეიტანე მცირედი წვლილი, რომ ეს ყველაფერი შენია და შენ უნდა შეუნახო შვილებს. ხშირად კურიოზები მემართება. რამდენიმე წლის წინ, ახალწლამდე ერთი დღით ადრე უცნაური კვალი შევნიშნე თოვლზე და ჩავთვალე, რომ ბრაკონიერები იყვნენ და გავყევი მათ კვალს. თოვლი საკმაოდ დიდი იყო. ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, ზოგიერთ ადგილზე თოვლშიც კი ვეფლობოდი. ლომისმთაზე ასულს, ბრაკონიერების ნაცვლად პოლონელი ტურისტები დამხვდნენ.... უკვე ღამე იყო, სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი და ახალ წელს პოლონელმა ,,ბრაკონიერებმა“ ქართული სტუმართმოყვარეობით მიმიღეს ჩვენსავე ტურისტულ თავშესაფარში". kukuri წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)