ბაღდათის სოფელ როკითის სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სამოქმედო გეგმის შესაბამისად ოზონის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩაატარეს სემინარი, აჩვენეს ფილმი და მოაწყვეს დისკუსია. ეკოკლუბელმა ქეთი კბილაშვილმა ისაუბრა ბევრი საინტერესო ფაქტის შესახებ. პირველყოვლისა განიმარტა, რომ ოზონის შრე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე იწყება და ის სიგანეში დაახლოებით 40 კილომეტრია. ოზონი უფერო გაზია, რომელიც სამი ჟანგბადის ატომისგან შედგება.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ოზონის შრემ, რომელიც 1970 წლებიდან სისქეში თანდათანობით კლებულობდა, ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო. ოზონის შრის გათხელების მთავარი მიზეზი ამტოსფეროში გამოყოფილი სხვადასხვა მავნე გაზები იყო, რომელთა გამოყენებაც უკვე დიდი ხანია აიკრძალა. აკრძალვის შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ოზონის გათხელებული შრე 2030 წლამდე სრულად აღდგება, ხოლო ანტარქტიკის თავზე არსებული ოზონის ხვრელი კი 2060 წლისთვის გაქრება.
ოზონის შრის მთავარი დამაზიანებელი ფაქტორი ადამიანის მიერ დამზადებული ნივთიერება, ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადი, იგივე ქფნ-ა, რომელიც საბოლოოდ ატმოსფეროში ბრომსა და ქლორს ათავისუფლებს, რომელიც ოზონის შრეს "ჭამს". ქფნ-ები ძირითადად მაცივრებსა და სხვა გამაგრილებელ მოწყობილობებში გამოიყენება. 1987 წელს მონრეალის პროტოკოლის ფარგლებში ქვეყნები ქფნ-ების აკრძალვაზე შეთანხმდნენ და მისი შემცვლელი, შედარებით უსაფრთხო ნივთიერებების გამოყენებაზე გადავიდნენ.
წელს სამხრეთ პოლუსის თავზე ოზონის ხვრელის მაქსიმალური სიდიდე 24.8 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო, ეს 16 პროცენტით უფრო პატარაა, ვიდრე ყველაზე დიდი დაფიქსირებული ხვრელი, რომელიც 2006 წელს 29.6 მილიონ კვადრატულ კილომეტრს იკავებდა.
ატმოსფეროს ზედა ფენებში მყოფი ოზონის შრე დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, რომელსაც სიმსივნეების გამოწვევა და სხვა პრობლემების შექმნა შეუძლია.