არის თუ არა ქვეყანაში შეშის დეფიციტი და რა საფრთხეების წინაშე დგას დღეს საქართველოს ტყეები (ვიდეო)

გაზის გამანაწილებელი, რომლიდანაც ბათუმსა და ახლომდებარე სოფლებს გაზი მიეწოდება, სოფელ განთიადში მოსახლეობიდან 100 მეტრში მდებარეობს. მიუხედავად ამისა, განთიადელები გასათბობად წელსაც შეშას გამოიყენებენ. სოფელ განთიადის მსგავსად, ამ ეტაპზე გაზიფიცირებას აჭარის სოფლების უმეტეს ნაწილში არ ელოდებიან. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ ამბობენ, ბათუმის, მიმდებარე სოფლებისა და ექვსივე მუნიციპალიტეტის ძირითად ნაწილში გაზიფიცირება 2017 წლის ბოლომდე დასრულდება გაზიფიცირებამდე მოსახლეობისთვის ზამთარში გათბობის ერთადერთი საშუალება შეშაა. სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ ყოველწლიურად რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის დაახლოებით 500 000-დან 600 000-მდე კუბური მეტრი შეშაა გამოყოფილი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლის, რეზო გეთიაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობა 2 000 000 დან 2,5 000 000-მდე კუბურ მეტრ შეშას მოიხმარს. შეშის მოპოვება ხდება როგორც კანონიერი ასევე უკანონო გზით. საბოლოო ჯამში, კი ტყე ნადგურდება, რაც სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების, მეწყრის, ღვარცოფებისა და დატბორვის მიზეზი ხდება. მომავალი წლიდან საქართველოს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად დარჩენილი ტყის რესურსის და მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის შეშის დათვლას აპირებს. თუკი შეშაზე მოთხოვნა არსებულ მარაგს გადააჭარბებს, სახელმწიფო ალტერნატიული გათბობის საშუალებების მოსაძიებლად ახალ პროგრამას აამოქმედებს. ნახეთ ტვ25–ის სიუჟეტი: https://www.youtube.com/watch?v=SLa8_W850HU