ასოციაცია "სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" ინიციატივით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდა პროექტი "სოფლის აკადემია“, რომლის მიზანი იყო სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების წინ წამოწევა, წარმატებული ფერმერული მეურნეობის წარმოჩენა და სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაცია მოსწავლეებში. "სოფლის აკადემიასთან“ ნაყოფიერად ითანამშრომლა ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ფესვებმა“ .
ეკოკლუბმა საუკეთესო ფერმერული მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით, ორი სატელევიზიო სიუჟეტი მოამზადა სათხილე მეურნეობის მეპატრონე ქალზე და წარმატებულ მეფუტკრეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა სიუჟეტმა სოფელ ახუთში მცხოვრებ მირანდა ჭანტურიაზე, რომელსაც იტალიური ჯიშის თხილი რამოდენიმე ჰექტარზე აქვს გაშენებული და სათხილე მეურნეობას თავად უძღვება, ეს ფაქტი ანგრევდა სტერეოტიპს, რომ ბიზნესი თითქოს მხოლოდ კაცების საქმეა.
სიუჟეტები ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გავა, ხოლო "სოფლის აკადემია" გახდება საკონსულტაციო ცენტრი, სადაც იზრუნებენ ადგილობრივი ფერმერების ინფორმაციული დონის ამაღლებაზე. პროექტი "სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის და შპს ხობი-2 ის მხარდაჭერით განხორციელდა.