წალკის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სოფელში "ლაზარობა" მოაწყეს. "ლაზარობა" მითოლოგიური ტრადიცია იყო აჭარაში. როდესაც ხშირი წვიმები ან გვალვა იქნებოდა, ბავშვები ჩამოვლიდნენ სოფელს სიმღერით: "ლაზარია, ლაზარია, ლაზარ მოდგა კარსა..." და "ამინდის ღმერთს", ლაზარეს, ამინდის შეცვლას სთხოვდნენ. მეზობლები მისცემდნენ პროდუქტს, რომლითაც შემდეგ ბავშვები ვახშამს აკეთებდნენ.
დღეს ეს ტრადიცია თითქმის დავიწყებულია. სწორედ ამ მიზნით ეკოკლუბის წევრებმა უფროსებისგან მოიძიეს სათანადო ინფორმაცია და მოაწყეს ერთგვარი სოციალური აქცია. შეგროვებული პროდუქტით კი მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ.
"სოფელში გვყავს რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი. მათ რთული ეკონომიკური პრობლემები აქვთ. ეკოკლუბის წევრებს გვინდოდა, რამით დავხმარებოდით და ამ იდეამ გაამართლა. მოსახლეობამ როცა გაიგო, რომ რა მიზნით ვაწყობდით "ლაზარობას", ბევრი პროდუქტი გადმოგვცა და ამ გზით მრავალშვილიან ოჯახებს რამდენიმე თვის სარჩო მივუტანეთ" - გვწერენ გუმბათელი ეკოკლუბელები.