რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი გლოლა ტურისტული სოფელია, სადაც ყოველწლიურად იზრდება დასახლებების რაოდენობა და ამის გამო ბევრი ხე იჩეხება. ეს პრობლემა გლოლის სკოლის ეკოკლუბმა "შოვმა" მოიკვლია და პრობლემის აღმისაფხვრელად დაგეგმა გამწვანების აქცია.
ეკოკლუბელებმა ნაძვის ხეები დარგეს ყველაზე კრიზისულ ადგილზე - მთავარი გზატკეცილის ორივე მხარეზე. მოსწავლეების საბოლოო მიზანი გზისპირზე ხეივანი გაშენებაა. საუბარია ე.წ. მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეკოკლუბის "ფეისბუქ-გვერდზე" გამოქვეყნდა მოწოდება და ამ გზით ეკოკლუბის წევრებმა სოფლის მოსახლეობას გამწვანების აქციაში ჩართვისკენ მოუწოდეს.
ამ მოწოდებამ თავისი საქმე გააკეთა და გამწვანების აქციაში მართლაც ჩაერთო რამოდენიმე გლოლელი მოხალისე. ეკოკლუბმა ითანამშრომლა ადგილობრივ მეტყევესთან და სწორედ მისი დახმარებით მოხდა ბავშვებისთვის ნერგების მიწოდება.