აწყურის სკოლის ეკოკლუბელებმა ზემო ხოდაშნის ეკლესიის ეზო დაასუფთავეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მწვანე სამყაროს" წევრების ინიციატივით მოეწყო დასუფთავების აქცია ზემო ხოდაშნის ხარების სახელობის ეკლესიის ეზოში და მისკენ მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დასუფთავების აქციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა ეკლესიისაკენ მიმავალი გზიდან, ეკლესიის ეზოდან და მის მიმდებარე ტერიტორიიდან მოაგროვეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები. მუშაობის პროცესი მოსალოდნელზე უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, რადგან ბავშვებს ნარჩენების აკრეფა უწევდათ ბარდებიდანაც და რთულად მისადგომი ადგილებიდანაც, თუმცა შედეგით კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან ეკლესიის ეზო სრულად გაიწმინდა ნარჩენებისაგან.

სამუშაოს დასრულების შემდეგ ეკოკლუბელებმა ეზოს ჭიშკარზე გააკრეს ბანერი წარწერით: ,,ნუ დაანაგვიანებთ".