ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღევანდელ ახალგაზრდებში. სამწუხაროდ მრავალი მოზარდი გაუთვითცნობიერებლად იღებს თამბაქოს, ნარკოტიკსა და სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს.
სწორედ ეს გახდა გორის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ - ECOteens- ის მთავარი მოტივაცია მოეწყოთ ლაშქრობა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამით გამხდარიყვნენ მაგალითები თანატოლთათვის. ამ ლაშქრობას შემდგომ დასუფთავების აქციაც დაემატა.
არჩეული გზა წარმოადგენს სატურისტო ზონას, სადაც ყოველწლიურად მრავალი დამსვენებელი თუ უბრალოდ დაინტერესებული პირი სტუმრობს. სამწუხაროდ ეს ხდება მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანებასა და დაბინძურებას გამომწვევი მიზეზი, რაც ხელს უშლის, როგორც ტურიზმის შემდგომ განვითარებას, ასევე მეტად აზარალებს გარემოს და ეკოსისტემას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეკო კლუბმა გადაწყვიტა ლაშქრობისთვის დასუფთავების აქციაც მიემატებინა და პრობლემის აღმოფხვრაში საკუთარი წვლილი შეეტანათ.