ხულოში ტყეების ჭრის,და გადამეტებული ძოვების პრობლემა აჭარის მასშტაბით განსაკუთრებული სიმწვავით დგას. გარემოსდაცვითი ექსპერტები ყურადღებას ტყეების სასიცოცხლო ფუნქციაზე ამახვილებენ, განსაკუთრებულ აქცენტს კი, მაღალმთიან აჭარაზე აკეთებენ. ტყეების სიმცირე ეროზიული პროცესების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად სახელდება.
საერთაშორისო ორგანიზაცია TEEB-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოიკვეთა, რომ ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სამთო წარმოება და სატყეო მეურნეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებრივ ეკოსისტემაზე. მესამე სექტორის წარმომადგენლები ისეთი მექანიზმის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პარალელურად ტყეების დეგრადაციას არ გამოიწვევს.
ტყის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოსისტემების ფუნქციების გამოსავლენად და ტყის მართვის გეგმის შემუშავების მიზნით აჭარაში კვლევების ჩატარება იგეგმება. საერთაშორისო ექსპერტები ტყეების დაცვის მხრივ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროებაზეც საუბრობენ.
აჭარის სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელოვნური ტყეები მათთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჯუმბერ აბულაძის თქმით, მათი მიზანი ტყეების ბუნებრიობის შენარჩუნება, გამეჩხერებული ტერიტორიების აღრიცხვა და აღდგენაა. აბულაძის განმარტებით, აჭარაში არის უბნები, რომელიც დეგრადირებულია და შემოღობვა არ შველის.
აჭარაში ტყის მასივს 192 ათასი ჰექტარი უჭირავს, მათგან 12 ათასამდე ჰექტარზე ინტენსიური გადაძოვება ხდება.
https://www.youtube.com/watch?v=nWozasDqm1M