25 ნოემბერს ზუგდიდში, აფხაზეთის #1 საჯარო სკოლაში, CENN-ისა და აფხაზეთის განათლების სამინისტროს ორგანიზებით, ტრეინინგი გაიმართა აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის. ტრეინინგს ესწრებოდნენ აგრეთვე აფხაზეთის განათლების სამინისტროსა და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებიც.
ტრეინინგის მონაწილეებს წარედგინათ პრეზენტაციები CENN-ისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროსთან ერთად გამოცხადებული სასკოლო ფოტოკონკურსის , "ფოტო სინთეზი-2016’’ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად და საქართველოს სატყეო პორტალის forestry.cenn.org -ის შესახებ.
ტრეინინგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატყეო პორტალის ძირითად ფუნქციასა და დანიშნულებაზე - საქართველოში არსებული ტყეებისა და სატყეო რესურსების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებაზე, აგრეთვე ვებგვერდზე განთავსებულ ტყის საზოგადოებრივი მონიტორინგის რუკაზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფოტოზე დააფიქსიროს და განათავსოს ტყესთან დაკავშირებული მოვლენა: ტყის უკანონო ჭრა, ტყის ხანძარი, მავნებელ-დაავადებები, სტიქია და სხვა.
აღნიშნულ თემებზე ტრეინინგები ჩატარდება აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის CENN-ის პროგრამებში ჩართვისა და ფოტოკონკურსში მონაწილეობისას მათი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
ამავე მიზნით, ამავე სკოლების მოსწავლეებისთვის, CENN-ის ორგანიზებით, მორიგი ფოტოტური მოეწყობა კოლხეთის ეროვნულ პარკში.