ფოტოზე: დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი (წალკის მუნიციპალიტეტი)
დაშბაშისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლების დემარკაციის საველე სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ალგეთის ეროვნული პარკის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, SPPA-საქართველოს (დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში) წარმომადგენელი რამაზ გოხელაშვილი და ასევე შპს „გეოგრაფიკის“ მოწვეული კონსულტანტები დაესწრნენ.
საბჭოს წევრებმა დემარკაციის საკითხზე იმსჯელეს. მათი გადაწყვეტილებით, ეროვნული პარკის არსებულ საზღვრებში შემავალი სოფლების საძოვრები ეროვნული პარკის საზღვრებში, მოსახლეობის მხრიდან ტრადიციული გამოყენების პირობით შევა.
ტყის მასივის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული პარკის აღმოსავლეთით მდებარე ტყის სამი ფრაგმენტი, რომელთა საერთო ფართობიც 142 ჰა-ია, ალგეთის ეროვნული პარკის საზღვრებში დარჩა. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებითვე, პარკის საზღვრიდან ამოირიცხება ყველა დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზები. ალგეთის ეროვნული პარკის საბჭო სათათბირო ორგანოა, რომელიც დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის მიზნითაა შექმნილი.
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო