დედამიწის დღის მოახლოვებასთან დაკავშირებით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის სკოლის ეკოკლუბის მოხალისეებმა სლოგანით "ისუნთქე მწვანედ, დედამიწასთან ერთად!" სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიჭვის, ნაძვის და ცაცხვის ნერგები დარგეს. გამწვანების აქციამდე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამსახურის მხარდაჭერით, ლისის სანერგე ფონდიდან ეკოკლუბს გადაეცა 30 ძირი ნერგი.
მოსწავლეებმა CENN-ის საველე მეგზურის დაინტერნეტში მოძიებულ მასალის გამოყენებით თითოეული სახეობის "ბიოგრაფია" მოიძიეს: წარმოშობის და გავრცელების არეალი, ღეროს ზრდის მაქსიმალური სიმაღლე, ვარჯის დიამეტრი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნიადაგის გრუნტის სიღრმე ჩარგვისას, მორწყვის ინტენსივობა, სინათლის და ჩრდილის მიმართ მათი დამოკიდებულება.
მოსწავლეებმა გაითვალისწინეს სატყეოს წარმომადგენლის რჩევები: ნაძვებისთვის უპირატესი აღმოსავლეთის მიმართულების განსაზღვრა; ორმოში ჩარგვამდე ფესვთა სისტემისთვის წყლის ჭარბად ჩასხმა; მიწის დაყრის დროს ფენა-ფენა წყლის დამატება; ირგვლივ ნიადაგი დატკეპნა და ა.შ...
ეკოკლუბ "პანგეას" წევრების მოწადინება სკოლის თემში ყველასთვის გადამდები აღმოჩნდა. ეს იყო პოზიტიური ენერგიების გაცვლის/გადაცემის დღე. ტრადიციულად ეკოკლუბელებმა გადაიღეს ვიდეო-რგოლი მორის ფოცხიშვილის ლექსზე - "ხე დარგე!".