თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოჭრა „პანორამა-თბილისის“ პროექტს არ უკავშირდება. ამის შესახებ ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც სატრანსპორტო ნაკადებისგან დედაქალაქის ისტორიულ უბნებს განტვირთავს.
„კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ქალაქისთვის, რომელიც სატრანსპორტო ნაკადებისგან განტვირთავს დედაქალაქის ისტორიულ უბანს და ისეთ ცენტრალურ ქუჩებს, როგორიცაა ლეონიძის, ლორთქიფანიძის, ასათიანის, მაჩაბლის, ამაღლების, იაშვილის ქუჩები და მათი მიმდინარე ტერიტორია.
სწრაფი ურბანიზაციის ფონზე, მაშინ როდესაც ქალაქს და მის შემოგარენში მოსახლეობის რიცხვი პერმანენტულად მატულობს, ბუნებრივია, დგება ალტერნატიული გზების გაჩენის საკითხი, რათა ცენტრალურ ქუჩებზე განიტვირთოს მოძრაობა და თავიდან იქნეს აცილებული საავტომობილო კოლაფსი. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქი აღნიშნული საფრთხის წინაშე 13 ივნისის სტიქიის შემდეგაც დადგა და შექმნილი მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, გადაადგილების ალტერნატიული გზების არ არსებობა იყო“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის განხორციელება გულისხმობს არსებული გზის გაფართოებას და დგება არსებულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის საკითხი.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დედაქალაქში არსებული მწვანე საფარის ნებისმიერი სახით დაზიანებას, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი პროექტით 400-მდე ძირი ხის მოჭრაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, ხეების ნაწილს გადავრგავთ მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოჭრილი ხეების სანაცვლოდ კი 2015 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, დეკემბრის შუა რიცხვებამდე, დაირგვება 1000 ძირი 2 მეტრამდე სიმაღლის, 6 წლიანი ფიჭვის და 3 მეტრამდე სიმაღლის 4000 ძირი იფანის ნერგი, 3 წლიანი მოვლა-პატრონობის გარანტიით. 2016 წლის გაზაფხულზე როგორც მინიმუმ, 15 000 ახალი ხის დარგვა იგეგმება. ტერიტორიის გამწვანების ფარგლებში, დაირგვება როგორც ფიჭვის, ასევე სხვა ადგილობრივი სახეობების ნერგები, რაც ხელს შეუწყობს ტყის კორომის მდგრადობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.