4 აპრილი უპატრონო ცხოველთა დაცვს დღეა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ეს დღე უპატრონო ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა.
ამ დღის აღსანიშნავად, ქალაქ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, უპატრონო ცხოველთა თანაგრძნობის და მხარდაჭერის მიზნით, სტუმრობდნენ ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს (მოსწავლეთა სურვილით). მიუხედავად შიდა სტრუქტურის გადაღების ნების არ ქონისა, გასაუბრებისას გაარკვიეს, რომ თავშესაფარში მოხვედრილ ცხოველებს უტარდებათ სტრილიზაცია/კასტრაცია, შესაბამისი აცრა (ძირითადად ცოფზე), ინიშნებიან "ბირკით", გარკვეული დროით რჩებიან თავშესაფარში, ხოლო თუ ჩუქების მსურველი არ გამოჩნდება, ისევ ქუჩას უბრუნდებიან, თუმცა გამრავლების შესაძლებელობა აღარ აქვთ, რაც სამომავლოდ უპატრონო ცხოველთა პოპულაციის შემცირებით უნდა დასრულდეს. თავშესაფარს ემსახურება პროფესიონალი ვეტერინარები, რომლებიც ზრუნავენ აქ მოხვედრილი ცხოველების ჯანმრთელობაზე.
აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეებში თვითშეგნების ამაღლებას, რომ შინაური ცხოველი არ არის გასართობი ობიექტი, რომ აიყვანო, შემდეგ მოგწყინდეს და ქუჩისთვის (სიცივისთვის, შიმშილისთვის და სიკვდილისთვის) გაიმეტო, სადაც დიდია მათი დაავადების შანსი, რაც ასევე სახიფათო და საფრთხილო შეიძლება გახდეს ადამიანთათვის. შინაური ცხოველები იმსახურებენ მზრუნველობასა და ყურადღებას, მით უმეტეს, რომ მათი ერთგულება უსაზღვრო და უპირობოა პატრონთა მიმართ. დაიგეგმა შემდგომი აქტივობა ჯგუფის წევრთა მიერ, რაც უპატრონო ცხოველთა გამოკვებას მოიცავს.