კასპის სკოლა-გიმნაზიის გარემოსდაცვითი აქტივობები (ვიდეო)

კასპის სკოლა–გიმნაზიის ეკოკლუბის "მწვანე ელჩები" წევრები, აქტიურად ჩაერთვნენ სამყაროს დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციული ზომების შესწავლის პროცესში. ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, ამავე სკოლის ეკოკლუბის წევრების ინიციატივით მოეწყო შეხვედრა თამარ ხატისაშვილთან, რომელიც წლებია მუშაობს სამყაროს დაბინძურების თემაზე და არის ასევე მერვე კლასის სახელმძღვანელოს ავტორი. 

შეხვედრა წარიმართა ონლაინ და ესწრებოდა 30 მონაწილე. შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციას, სადაც მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა თემაზე – "ფიტორემედიაცია Vs სამყაროს დაბინძურება". პრეზენტაციისას გამოყნებული იყო კონკრეტული სქემები, ფოტოები და სურათები. შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მსმენელებმა კონკრეტულ შეკითხვებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები. ამავე შეხვედრაზე, ეკოკლუბის წევრებმა, დაანონსეს გამწვანების აქცია ქალაქ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კარიერის გამწვანების შესახებ. 

კარიერი ამჟამად დახურულია, თუმცა წლების მანძილზე მიმდინარეობდა ადამიანების მიერ ტერიტორიის დაზიანება, მოშლილია მთის ქანები, ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ ყვითელგულა ჩიტები, რომელთა განადგურებას საფრთხეს უქმნის სწორედ ჩამოშლილი ქანები. 

ეკოკლუბის წევრები აქტიურ მოლაპარაკების პროცესს აწარმოებენ კომპანიასთან "ჰაიდელბერ ცემენტი", რათა ერთობლივი ძალებით მოახდინონ ამ ტერიტორიის გამწვანება. 

ადამიანის მიერ განადგურებულ და დაბინძურებულ ეკოსისტემას, რეაბილიტაცია ესაჭიროება, სწორედ ესაა სკოლა–გიმნაზიის ეკოკლუბის მიზანი.