21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა, რომელიც 2012 წლიდან აღინიშნება. ტყეების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთში, გალის სოფელ ოტობაიის N1 სკოლის ეკოკლუბმა "ფენიქსმა", რომელიც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის აქტიური მონაწილეა, საქართველოს საპატრიარქოს ფონდ "გაამწვანე საქართველოს" მხარდაჭერით, სკოლის ეზოში ხეების დარგის აქცია გამართა.
ღონისძების მონაწილეებმა - სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ფონდ "გაამწვანე საქართველოს" მიერ გადაცემული 44 ძირი პირამიდული და ჰორიზონტული კვიპაროსი დარგეს.
ოტობაიის N1 სკოლის ეკოკლუბმა "ფენიქსმა", როგორც გასულ წელს ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსში რეგიონის (აფხაზეთის) ჩემპიონმა და რჩეულმა სკოლამ, საქართველოს საპატრიარქოს ფონდ "გაამწვანე საქართველოსგან" საჩუქრად მიიღო კვიპაროსის ნერგები, რაც სკოლის ეზოს კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს გახდის.
ოტობაიის სკოლა და ეკოკლუბი ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდის საქართველოს საპატრიარქოს ფონდ "გაამწვანე საქართველოს" და ორგანიზაცია CENN-ს.
გალელი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს: დედამიწის ეკოსისტემები.