დუშეთის სოფელ ლაფანაანთკარის სკოლა ნიკო კეცხოველის გზაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი "პანგეა" ჩამოყალიბდა. კლუბის შექმნის დიდი ხნის  იდეას ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ჩართვის სურვილმა შეუწყო ხელი. პანდემიის პირობებში მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოუწიათ ცალკეული ინიციატივის შემუშავება, სკოლაში დაბრუნების შემდეგ კი კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა ერთად შეიმუშავეს და  ჩანაფიქრი რეალობად აქციეს. 

მოსწავლეებმა შექმნეს ლოგო და სლოგანი, გაეცნენ ნიკო კეცხოველის ბიოგრაფიას და შემოქმედებას, უყურეს დოკუმენტურ ფილმს ბუნების დიდი ქომაგის შესახებ. ეკოკლუბელებმა ასევე ერთმანეთს გააცნეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და აქცენტი გააკეთეს რამდენიმე მათგანზე, რის განხორციელებისთვისაც ერთობლივად იზრუნებენ.

ეკოკლუბ "პანგეას" წევრებმა აღნიშნეს, რომ მართალია გვიან ერთვებიან კონკურსში, თუმცა დაგეგმილი საინტერესო აქტივობების განხორციელებით შეძლებენ ისწავლონ, ასწავლონ, აიმაღლონ გარემოსდაცვითი ცნობიერება და მოკრძალებული წვლილი  შეიტანონ პლანეტის გადაარჩენაში.