გაიცანით ქედის სოფელ დოლოგნის სკოლის ეკოკლუბი "ბზანი"

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის  საჯარო  სკოლის  ეკოკლუბ „ბზანის“ წევრმა მოსწავლეებმა ტყის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩაატარეს.

ეკოკლუბის წევრებმა შექმნეს ტყის დღესთან დაკავშირებული საპრეზენტაციო მასალები, რომელიც გააცნეს საბაზო და საშუალო საფეხურის  მოსწავლეებს. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა  ცნობიერების ამაღლება ტყის სარგებლობაზე, როგორც ადამიანისათვის ასევე  ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. მოსწავლეებმა გამოკვეთეს ტყის მდგომარეობასთან დაკავშირებული საერთო პრობლემები. ისაუბრეს ტყის მნიშვნელობაზე, როგორც  ქარსაცავი ზოლები, სუფთა ჰაერი და  წყალი, ტყე, როგორც  ხმაურის შემაკავებელი და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

განიხილეს ტყის, როგორც საშეშე მასალად გამოყენების თემა, სადაც აღნიშნეს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს გაჩეხვის დროს ხის ასაკს და სახეობას. ახალგაზრდა ხის ან იშვიათი/ შემცირებული სახეობის საშეშე თუ სხვა სახის მასალად  გაჩეხვა-გამოყენება დაუშვებელია. დამსწრე მოსწავლეებს გააცნეს ხის ასაკის გამოთვლა წრიული რგოლების დახმარებით. ესაუბრენ  შეშის სწორად დამზადების წესებზე. მოიყვანეს არგუმენტები ნედლი შეშის დამზადება- გამოყენებით გარემოში მეტი ნახშირორჟანგის დაგროვების შესახებ, რადგან ნედლი შეშის წვისას უფრო მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა რაც უარყოფითად მოქმედებს ყველა ცოცხალ ორგანიზმზე და მთლიანად ატმოსფეროზე, როგორც  ერთ ერთი სათბური აირის ეფექტის სახით..

ეკოკლუბის წევრები შეხვდნენ და გაესაუბრენ სოფელ დოლოგნის ტყის რეინჯერს ტყის ზოგადი მდგომარეობის შესახებ. საუბრისას აღნიშნეს ისეთი საკითხები, როგორიცაა  წაბლების მასიური  დაავადება და გახმობა, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ ეს უფრო რამდენიმე წლის წინ შეინიშნებოდა. დღესეობით წაბლოვანი ხეების მდგომარეობა უკეთესებისკენაა შეცვლილი.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს სხვადასხვა სახის ნერგები.

ქედის სოფელ დოლოგნის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა. ეკოკლუბის მიზანია ბიომრავალფეროვანი და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი წინაპირობაა.