22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების რეგიონალური ოფისის, წყლის ხარისხის და კონტროლის მენეჯერმა თამარ ბარამიამ მოსწავლეებს წყლის რესურსების დაცვასა და კვლევაზე გაკვეთილი ჩაუტარა.
მენეჯერმა მოსწავლეებს და პედაგოგებს გააცნო რა გზას გადის წყალი ჩვენს ონკანამდე და რა მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მდგრად მოხმარებას. ასევე პრაქტიკულად აჩვენა და დეტალურად აუხსნა თუ რა დანადგარებით მოწმდება წყლის ხარისხი. გაკვეთილის პროცესში შემოწმდა სკოლის სასმელი წყლის სიმღვრიე, ტემპერატურა, PH, სუნი, გემო. გამოკვლეული მახასიათებლები სტანდარტთან შესაბამისი აღმოჩნდა.
აქტივობის ჩატარების მიზანი წყლის რესურსების მართვის, რაციონალური მოხმარების და წყლის ლაბორატორიული და გეგმიური კვლევების მნიშვნელობაზე ახალგაზრდების ყურადღების გამახვილება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.